doctorWho პროექტი, რომელიც ეხმარება ყველას

ვთქვათ, ქუჩაში მივდივართ და უცებ ვიღაც ცუდად გახდა. დახმარების გაწევა ამ დროს, ჩემი აზრით, აუცილებელია და, ვიმედოვნებ, ნებისმიერი შეეცდება დახმარება აღმოუჩინოს ავადმყოფს, რომელიც უსუსურია და შეიძლება პირველადმა დახმარებამ ყველაზე ცუდ შემთხვევაში ფატალურ შედეგისგან იხსნას.

პირველი რაც თავში მოგვდის არის სასწრაფოში დარეკვა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ისინი იგვიანებენ. არადა გვჭირდება ექიმი რომელიც პირველად დახმარებას აღმოუჩენს ავადმყოფს, მაგრამ არც ეს ექიმი ჩანს არსად. ყველას კი არ შეუძლია პირველადი დახმარების აღმოჩენა და არაკვალიფიციურმა პირველადმა დახმარებამ შეიძლება უფრო ცუდ შედეგამდე მიიყვანოს ავადმყოფი.

აპლიკაციის გაკეთების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩემი თანაგუნდელის ორსული მეუღლე ქუჩაში გახდა ცუდად. ჩემმა მეგობარმა მაშინვე დარეკა სასწრაფოში, მაგრამ რატომღაც სასწრაფომ დააგვიანა მოსვლა ნახევარი საათით. საბედნიეროდ, ცუდი არაფერი მომხდარა.

მას შემდეგ, რაც მან ეს ამბავი მომიყვა, ერთად დავფიქრდით და მივხვდით რომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. ისეთი რაღაც, რომ სხვასაც არ შექმნოდა ასეთივე პრობლემა და რამე ცუდი შედეგი არ მოყოლოდა სასწრაფოს დაგვიანებას. და რა მივიღეთ ...

მივიღეთ მობილური აპლიკაცია ორი, მომხმარებლისა და ექიმის ინტერფეისით. პირველ შესვლაზე გვაქვს სამი გვერდი, მომხმარებლებისთვის და ექიმებისთვის განკუთვნილი და ასევე, ჩვენი, შემქმნელების Facebook-ის ლინკები უკუკავშირისთვის.

მომხმარებლის გვერდი

ამ გვერდზე გაგრძელების შემთხვევაში, მომხმარებელს გამოუჩნდება ღილაკი, რომელზეც დაჭერის შემდეგ სერვერზე გაიგზავნება გამგზავნის კოორდინატები სერვერი კი მის გარშემო 500 მეტრის რადიუსში მყოფ ექიმებს გაუგზავნის შეტყობინებას (push notification-ს).

ექიმის გვერდი

ექიმის გვერდზე გაგრძელების შემთვევაში, საჭიროა რეგისტრაცია, შესავსები ველებით: სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, 4 ციფრიანი პინ კოდი(პაროლისათვის) და პირადი ნომერი. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მას შეეძლება სისტემაში ავტორიზაცია მობილური ტელეფონის ნომრითა და პინ კოდით. ამის შემდეგ მას გამოუჩნდება ორი გვერდი: აქტიური გამოძახებები და ექიმის გამოძახება.

აქტიური გამოძახებების გვერდი

აქტიური გამოძახებების გვერდზე გამოჩნდება მის გარშემო 1 კილომეტრის რადიუსში ყველა აქტიური გამოძახება. თითოეული გამოძახების არჩევის შემთხვევაში მას გამოუჩნდება ავადმყოფის ზუსტი კოორდინატები.

ექიმის გამოძახების გვერდი ექიმებისთვის

ექიმის გამოძახების გვერდი კი არის იმ შემთხვევისთვის, თუ ექიმი თავად აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, რომ ჭირდება დახმარება.

რა გამოვიყენეთ??

  • JAVA
  • Spring
  • Android
  • Google Cloud Messaging
  • უამრავი ბიბლიოთეკა
  • არსებული ცოდნა და ცოტა არარსებულიც
  • Amazon Web Services
  • გუნდური სული, რომელიც მთელი ღამე ჩვენს გვერდით იყო

რას ვგეგმავთ

დაგეგმილი გვაქვს აპლიკაციაში სურათის გაგზავნის დამატება, რათა ექიმს შეეძლოს ვიზუალურად შეაფასოს ავადმყოფის მდგომარეობა შეტყობინების მიღებისთანავე. ასევე პროდუქტის დახვეწა და პოპულარიზაცია. და ბოლოს ექიმების დარწმუნება, რომ ჩვენი აპლიკაციის საშუალებით დაეხმარონ კიდევ უფრო მეტ ადამიანს

მხარდაჭერა android 4.4-დან ზევით

Share this project:

Updates